
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, თანამდებობის პირებმა 2023 წელს 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
მათი ცნობით, თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ. 2023 წელს 303-მა პირმა ჯამურად 16 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 53 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 55 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა. ასევე, თანამდებობის პირებმა 47 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 14 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 21 ავტომობილი და 6 იარაღი.
"ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. 2023 წელს 6 მლნ დოლარამდე თანხა აშშ დოლარში მიიღეს, ხოლო 347 ათასი ევროში.
ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს. 2 მლნ ლარამდე ფული ან ნივთები ნათესავებისგან მიიღეს. ჯამურად 1.6 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, 1.1 მლნ კი შვილებმა", - წერს TI.
მათი ინფორმაციით, 2023 წელს საჩუქრები 90-მდე სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს, 46-მა თანამშრომელმა ჯამში 4.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის პარლამენტის წევრები, რომლებმაც ჯამში 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარამდე მიიღეს, მოსამართლეებმა 1.3 მლნ ლარის.
TI-ს ცნობით, 2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 150,000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ - 100,000 დოლარი (ბინა), იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა - 160,000 ლარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ - 60,000 დოლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ - 50,000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო.