პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება.
2 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობა დაგმო.
პაპუაშვილის მტკიცებით, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადება "ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობაა".
"ძალიან იმედაგმაცრუებელია ზოგიერთი განცხადება, როგორც საქართველოში მყოფი საელჩოებისა, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის. ეს გარკვეულწილად ქმნის იმის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ეს გახლავთ საქართველოს პოლიციის დიკსრედიტაცია.
ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ვხედავთ პოლიციის მოქმედებას, რომელიც არის უფრო მეტად მკაცრი, უფრო მეტად ბრუტალური და ამის ფონზე, იმავე ქვეყნის წარმომადგენელი საელჩო, როდესაც საქართველოს პოლიციის მათლაც ფრთხილ და სტანდარტების შესაბამის მოქმედებას აფასებს ისე, თითქოს იყო მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენება.
ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს და აქედან გამომდინარე, არის სამწუხარო მცდელობა ყალბი ნარატივის დამკვიდრების. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო აქტორს და განსაკუთრებით საელჩოები ვინც არიან საქართველოში, გაერკვნენ სიტუაციაში", - ამბობს პაპუაშვილი.
საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის პოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ "არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას".