
გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, სავარაუდოდ, პირველ საგარეო ვიზიტს უკრაინაში განახორციელებს — ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Welt ავრცელებს.
მედიის ცნობით, რომელიც ინფორმაციას ბერლინსა და ბრიუსელში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, მაისის დასაწყისში მერცის ვიზიტი უკრაინაში უკვე დაგეგმვის სტადიაშია.
როგორც Welt წერს, მერცის მოგზაურობა შესაძლოა დაემთხვეს 9 მაისს კიევში დაგეგმილ "მსურველთა კოალიციის" სამიტს, სადაც ასევე ელიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკს.
შეგახსენებთ, რომ ფრიდრიხ მერცი უკრაინას 2024 წლის დეკემბერშიც ეწვია — იმ დროს ის ოპოზიციური ბლოკის ლიდერი იყო და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.