ფრიდი: ივანიშვილი დასანქცირდა რუსეთის აგენტობისთვის, ნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ამაზე ინფორმაცია

ფრიდი: ივანიშვილი დასანქცირდა რუსეთის აგენტობისთვის, ნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს ამაზე ინფორმაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება "მაგნიტსკის გლობალური აქტის" ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევის გამოც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ეს ბევრს მეტყველებს აშშ-ის მთავრობის მიდგომაზე.

დენიელ ფრიდმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე, ასევე, თუ რა გავლენა ექნება სანქციებს როგორც მისი სამიზნის ბიზნეს საქმიანობაზე, ისე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

"სრული ბლოკირების სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ის გულისხმობს, რომ გარდა იმ შემთხვევისა, თუ რაიმე გამონაკლისია დაწესებული, სანქციების სამიზნე პირთან ყველა ფინანსური ტრანზაქცია აკრძალულია, [რადგან დამრღვევებიც] თავად სანქციების საფრთხის ქვეშ დგებიან. ასევე კრძალულია ყველა ფინანსური ურთიერთობა კომპანიებთან, რომელთა 50%, ან მეტი ამ პირს ეკუთვნის.

მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს. ასე რომ, მიუხედავად ამ ლიცენზიების გაცემისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს არ არის სავიზო შეზღუდვა, გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯია", - ამბობს ის.

კითხვაზე, "როგორი გავლენა ექნება ამას ივანიშვილზე?", დენიელ ფრიდი ამბობს:

"მას ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, ამას [სანქციებს] დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი. ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მაგრამ ახლა ცხადია, რომ შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ავტოკრატიული მიმართულების მხარდამჭერი წამყვანი ძალის წინააღმდეგ.

მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის კრემლისთვის მოქმედების შესახებ", - ამბობს დენიელ ფრიდი.