ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.
მიშა მშვილდაძეს დღეიდან მასზე თავდასხმის საქმის მასალებზე წვდომაც ექნება, მათ შორისაა სუპერმარკეტ კარფურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც მასზე თავდასხმაა ასახული.
დაზარალებულის სტატუსთან ერთად დაცვის მხარე თავდამსხმელისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. შსს-მ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამინისტროში არ ამბობენ, რატომ არ იწყება გამოძიება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების ფაქტზე.
27 ივნისს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის თქმით, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.
გუშინ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.
გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".