ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბლოკის უმაღლეს თანამდებობაზე მეორე ვადით წარადგინეს.
ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელად აირჩიეს, ხოლო პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ანტონიო კოსტა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტად.
ყველა მათგანი ცენტრისტულ, პროევროპულ ძალას წარმოადგენს.
წარდგენილ კანდიდატურებს კი უკვე ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.
აღნიშნული კანდიდატურების წარდგენამ გამოიწვია ულტრამემარჯვენეების უკმაყოფილება, რომლებმაც ევროპარლამენტის არჩევნებზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვეს.
კერძოდ, იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც თავის ქვეყანაში მემარჯვენე კოალიციის ლიდერია, განაცხადა, რომ ევროკავშირში საკვანძო თანამდებობებზე კანდიდატების არჩევა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მთლიანად უგულებელყოფს კონსერვატიული ძალების წარმატებას და ევროპელი ამომრჩევლის მისწრაფებებს, რომლებმაც ნათლად აჩვენეს რა სურთ.