ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილის რემონტს ქართული ოცნების შემომწირველი გააკეთებს. საუბარია შპს ბადა ქონსთრაქშენზე, რომელსაც მერიამ ხელშეკრულება უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია და კონტრაქტის მიხედვით, შპს ბადა ქონსთრაქშენმა მეტროს რეკონსტრუქცია-რემონტი 18 თვეში უნდა დაასრულოს.
"შპს ბადა კონსთრაქშენისთვის ეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის. კომპანია ტენდერებში არა, თუმცა გამარტივებულ შესყიდვებში 2012 წლიდან ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2021 წლებში სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებმა კომპანიასთან მხოლოდ 18 ხელშეკრულება გააფორმეს.
მათგან ყველაზე მაღალი ღირებულების შესყიდვა, 2014 წელს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის ღირებულებაც 2,245 ლარი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულების ხელშეკრულება შავსაყდრის საჯარო სკოლამ გაუფორმა და ხელშეკრულების ღირებულება 20 ლარი და 68 თეთრი იყო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და 100%-ის მესაკუთრე ბაჩანა შენგელიამ ქართულ ოცნებას 2014 წელს 60 000 ლარი შესწირა", - წერს ფლანგვის დეტექტორი გავრცელებულ ინფორმაციაში.