პარასკევიდან ფინეთი რუსეთთან ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს და ტოვებს მხოლოდ ერთს, ჩრდილოეთით მდებარე Raja-Jooseppi-ს, სადაც მისვლა რთულია.
ფინეთის პრემიერმინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, ამით ფინეთი რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადს შეაჩერებს.
"მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ვითარება უარესდება... მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, დახუროს მეტი სასაზღვრო პუნქტი", - თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ დატოვებენ ერთადერთ გამშვებ პუნქტს, Raja-Jooseppi-ს, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს და იქ მისასვლელად "რეალური ძალისხმევაა საჭირო".
გამშვებ პუნქტთან, რომელსაც ფინეთი არ დახურავს, არ არის სოფლები ან სხვა ინფრასტრუქტურა, გარდა გზის და საპასპორტო კონტროლის შენობისა. ამ პუნქტიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი ივალოა, რომელიც შენობიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. ეს გამშვები პუნქტი კი დღეში მხოლოდ 4 საათი მუშაობს.
თვის დასაწყისიდან რუსეთის გავლის ფინეთში 600-ზე მეტი ადამიანი ევროკავშირში მოქმედი სამგზავრო დოკუმენტაციის გარეშე ჩავიდა, რის გამოც ჰელსინკიმ რამდენიმე გამშვები პუნქტი დაკეტა და მოსკოვი მიგრანტების გაყვანაში დაადანაშაულა, კრემლმა ბრალდება უარყო.
საიმიგრაციო ხელისუფლების ცნობით, თავშესაფრის მაძიებლები მიდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იემენიდან, ავღანეთიდან, კენიადან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან და სირიიდან.