
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების დადებიდან 3 დღეში, სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
სომხური მედია Armenpress პრემიერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების ინიციირება".
ასევე, სომხეთის პრემიერის ადმინისტრაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს გააცნო - "ეუთოსადმი ერთობლივი მიმართვის ინიციირება ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ", "რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის ინიციირება - ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების დაცვითა და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე".
ასევე, პროექტი "ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების საჯარო მხარდაჭერისთვის.
მედია წერს, რომ "თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე. ისინი ორმხრივად შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის".
9 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან მალევე, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს".
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი გამოაქვეყნეს, რომელსაც 9 აგვისტოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.