ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ გამთენიისას მამამისს დაურეკეს და მისი მოკვლით დაემუქრნენ. როგორც ფარულავა ამბობს, ასაკოვანი მამა ახლა რეანიმაციაშია.
"მამაჩემს ურეკავდნენ და შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ის ახლა რეანიმაციაშია. ეს არის სწორედ რუსული სტილის, საბჭოთა წითელი ტერორი, რომელსაც მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. არ ვიცი, ეს ადამიანები სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ან რა დამოკიდებულებაა, ასაკოვან ადამიანს დილის 5 საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს კანონის წინაშე. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ პირს კანონის წინაშე დავსჯით", - განაცხადა ფარულავამ.