მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე დღის წინ ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვაგნერის მებრძოლებს რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულების ფიცზე ხელმოწერა უბრძანა.
პუტინმა ბრძანებულებას ცვლილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის ხელი გუშინ, 25 აგვისტოს მოაწერა - დასავლეთის ბრალდებების პარალელურად, რომელთა მიხედვითაც, ვაგნერის მეთაურის სიკვდილი პუტინის დაგეგმილი იყო.
კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბრძანებულება ავალდებულებს ყველას, ვისაც აქვს სამხედროს სტატუსი ან მხარს უჭერს, ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინაში, დადოს ოფიციალური ფიცი რუსეთისადმი ერთგულების შესახებ.
განკარგულებაში აღწერილია, რომ ეს არის ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სულიერი და მორალური საფუძვლების გასამყარებლად. ფიცის ფორმულირება კი მოიცავს ხაზს, რომლის მიხედვითაც, ისინი, ვინც მას მიიღებენ, პირობას დებენ, რომ მკაცრად შეასრულებენ მეთაურებისა და უფროსი ლიდერების ბრძანებებს.
დასავლეთი კი ფიქრობს, პუტინის მიერ ვაგნერის მებრძოლებისთვის და სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებისთვის სავალდებულო ფიცის შემოღება აშკარა ნაბიჯი იყო ასეთი ჯგუფების უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის.
***
23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.
რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.