რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ შესთავაზა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მოლაპარაკებები მის ქვეყანაში გაიმართოს.
"რაც შეეხება გამართვის ადგილს, მან [ფიცომ] თქვა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებებამდე მივა, ისინი მოხარულნი იქნებოდნენ მსგავსი მოლაპარაკებების გასამართად მისი ქვეყანა პლატფორმად შემოეთავაზებინათ", - თქვა პუტინმა მინსკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სამიტის შემდეგ.
მისივე განცხადებით, რუსეთი ამის წინააღმდეგი არაა.
"რატომაც არა? სლოვაკეთს უჭირავს ასეთი ნეიტრალური პოზიცია, ჩვენი აზრით", - თქვა მან.
როგორც პუტინმა განაცხადა, მოსკოვში ფიცოს ვიზიტის დროს, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა "უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მიმართულებით მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ ისაუბრა". მან ასევე დაამატა, რომ რუსეთს სურს ომის დასრულება, თუმცა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის" შესრულებას 2025 წელსაც გააგრძელებს.
22 დეკემბერს სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ კრემლში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფიცო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მესამე ლიდერი გახდა, რომელიც მოსკოვში ჩავიდა. მანამდე იყვნენ უნგრეთისა და ავსტრიის ლიდერები. რობერტ ფიცოს ევროპაში პრორუსული პოზიციის გამო აკრიტიკებენ.
მხარეების ინფორმაციით, ფიცომ და პუტინმა უკრაინაში სამხედრო სიტუაცია განიხილეს, ასევე ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, რომლის 2025 წლიდან შეწყვეტითაც კიევი იმუქრება.
ასლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რუსეთში ვიზიტს, ასევე, ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებზე პასუხი უწოდა. საპასუხოდ ზელენსკიმ სლოვაკეთის საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მოსკოვში ფიცოს ვიზიტით დაინტერესდნენ.