
რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებული 30-დღიანი ზავის წინააღმდეგია.
საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "დროებითი ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
"მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა", - ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ამბობს, რომ მათი მიზანი "გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა".
ის ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს უფრო "კონკრეტული და შინაარსიანი" პოზიცია დროებითი ზავის შესახებ წინადადებაზე.
იური უშაკოვმა ასევე თქვა, რომ უკვე გააცნო რუსეთის პოზიცია თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს. მათ შორის 12 მარტს სატელეფონო საუბარი გაიმართა.
***
11 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის, დათანხმდეს 30 დღით დაუყოვნებლივ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
ამასთან, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას და სამხედრო დახმარების მიწოდებას.
"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას.
აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელეს.
11 მარტს უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის.
მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა The Economist წერდა, რომ ცენტრალური როლი შესაძლოა დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.