რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიევს ხმის მიცემის პროცესის „კრიმინალური მეთოდით“ ჩაშლაში ადანაშაულებს და ემუქრება.
"მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესის ჩაშლისა და ხალხის დაშინების მიზნით, კიევის ნეონაცისტური რეჟიმი ცდილობს, განახორციელოს მთელი რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული ქმედებები. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო დასახლებებზე დარტყმა. მტრის რაკეტებისა და ჭურვების დაახლოებით 95% ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ნადგურდება.
სამწუხაროდ, მსხვერპლიც გვყავს მშვიდობიან მოსახლეობაში. [დაშავებულთა] ოჯახებს აუცილებლად გავუწევთ ყველა საჭირო დახმარებას. მტრის თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩება", - თქვა პუტინმა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო - ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.