პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთი დასავლური ღირებულებების მოწინააღმდეგე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთში ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. განკარგულებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების "ჰუმანიტარული მხარდაჭერა" ჰქვია.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში ცხოვრების უფლება მიეცემა ყველა პირს, ვინც იზიარებს "რუსულ ტრადიციულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს". განკარგულებაში წერია, რომ ის შეეხება როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებსაც, რომლებსაც არ მოსწონთ მათი ქვეყნის პოლიტიკა.
პუტინის გადაწყვეტილებით, ბინადრობის მიღება რუსული ენის, ქვეყნის ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნის გარეშეც იქნება შესაძლებელი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება იმ ქვეყნების სიის შედგენაც, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს "დესტრუქციულ, ნეოლიბერალურ ღირებულებებს ახვევენ თავს". ქვეყნების სია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეადგინოს, რის შემდეგაც მთავრობა დაამტკიცებს.
ცნობილია, რომ 3-თვიანი ვიზების გაცემა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.