პუტინი: აუცილებელია, უკრაინამ აღიაროს რეფერენდუმის შედეგები, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი

პუტინი: აუცილებელია, უკრაინამ აღიაროს რეფერენდუმის შედეგები, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში უკრაინაში "კრიზისის მოსაგვარებლად" საჭირო ნაბიჯები ჩამოთვალა.

ის ამბობს, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები.

ამასთან, კვლავ აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, არ შეუერთდეს ალიანსებს და უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

"აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ ცნობილ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს. აუცილებელია, რომ რუსეთთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიმართ თავისი ინტერესი აღიაროს. [...]

საჭიროა, გამოცხადდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა ნებისმიერ უცხო ალიანსთან და ასევე გამორიცხული უნდა იყოს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა", - ამბობს ის.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, კონფლიქტის მოგვარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს რუსული ენისა და პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის უფლებები.

ის ირწმუნება, რომ მისი მოთხოვნები რეგიონში "გრძელვადიანი სტაბილურობის" საფუძველი იქნება და ამბობს, რომ ამ პირობების უგულებელყოფა "შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შესაძლებლობას" ნიშნავს.