პროკურორი: დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ისინი უზრუნველყო ტანსაცმლით, საკვებით

პროკურორი: დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ისინი უზრუნველყო ტანსაცმლით, საკვებით

ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმის პროკურორი ამბობს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის ძმაა, მათი გაქცევის შესახებ იცოდა და შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა. მისი თქმით, ამის ნაცვლად, ბრალდებულმა ისინი ტანსაცმლითა და საკვებით უზრუნველყო.

"ამ პირმა იცოდა, რომ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, მსჯავრდებულების გაქცევა და ნაცვლად იმისა, რომ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ისინი უზრუნველყო ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილური ტელეფონით", - განაცხადა პროკურორმა.

ავერსის კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა - მოსამართლემ გირაო შეუფარდა ერთ-ერთი პატიმრის ძმას, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული.

რაც შეეხება მსჯავრდებულებს, ისინი სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ მიმალვაში არავინ დახმარებიათ - გაქცეული პატიმრების სასჯელის გამკაცრებაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, სხდომა 28 დეკემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პირველ ნოემბერს თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკის ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. 2 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის ორი ბადრაგი.