პროკურატურამ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მტკვარში ავტომობილის გადავარდნის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებით, დადგინდა, რომ 14 მაისს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ბრალდებული "ფორდის" მარკის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მდინარეში გადავარდა.

აღნიშნულ ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთის ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს.

რაც შეეხება დანარჩენ 3-ს, ორი მათგანის ცხედრის ამოყვანა მოხერხდა, ხოლო მესამე ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.