საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 28 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.