ყაველაშვილი: საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს გაეროს გახდეს მშვიდობის მთავარი გარანტორი

ყაველაშვილი: საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს გაეროს გახდეს მშვიდობის მთავარი გარანტორი

"ოცნების" პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, საქართველო და მსოფლიო "თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის."

ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა დაეხმაროს გაეროს გახდეს მსოფლიოში მშვიდობის მთავარი გარანტორი.

"საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი.
გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხების და მომავალი თაობების სასარგებლოდ", - ამბობს ყაველაშვილი.