პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა.

უწყება წერს, რომ 7 ივლისს, ახვლედიანთან სტუმრობისას, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში."

შემდეგ კი, პროკურატურის ცნობით, რიჟვაძემ მალულად გადაიტანა აღნიშნული პისტოლეტი სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ალექსი ახვლედიანს თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, 7 ივლისს რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია — დაზიანებულია ფილტვი. ამის შემდეგ იგი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.