საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ "განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე" ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს", - წერია განცხადებაში.
ცნობილია, რომ თანხები ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 2 მილიონი დოლარი დამნაშავეების მფლობელობაში არსებულ სამ საწარმოსა და მათთან დაკავშირებულ ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.
აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფიზიკურ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 წლის ვადით მიუსაჯა. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის წარმოების უფლება და დაეკისრათ ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.