საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.
"მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.
ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.
ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად"- ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.