პრეზიდენტის მდივანი: უმრავლესობა ცდილობს ხალხის შეცდომაში შეიყვანოს - ვეტო მოტივირებულია

პრეზიდენტის მდივანი: უმრავლესობა ცდილობს ხალხის შეცდომაში შეიყვანოს - ვეტო მოტივირებულია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მსხილაძის თქმით, უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მოტივირებული შენიშვნების გარეშე გადააგზავნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული შენიშვნებით, მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი.

"საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც რუსულ კანონს 18 მაისს დაადო, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს - ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული შენიშვნებით, მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, არის განმარტებული რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული, მოყვანილია მისი მიღების მოტივაცია და მისი მიღების ფორმა, რომ ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია.

რაც ეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. საქართველოს პრეზიდენტის ვეტო - მოტივირებული შენიშვნები ატვირთულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზიარებული იქნება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე", - ამბობს მსხილაძე.

***

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ.

პრეზიდენტმა კანონს ვეტო შაბათს, 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.