საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მას დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს თბილისში ელოდება.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ მაკრონი საქართველოში სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე უნდა ჩამოვიდეს.
მან ასევე დასძინა, რომ სასწორზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად კავკასიის საბჭოთა და რუსული გავლენისაგან გათავისუფლების საკითხი დევს.
"ემანუელ მაკრონი, პრაქტიკულად, არჩევის შემდეგ, 2018 წელს დამპირდა, რომ [საქართველოში] ჩამოვიდოდა. მან ეს უნდა გააკეთოს სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. სასწორზე არ არის მხოლოდ საქართველო, საუბარია საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენისგან კავკასიიდან საბოლოოდ გამოდევნის საკითხზე. აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის, მისი უსაფრთხოებისთვის. აქ გვაქვს შავი ზღვა, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სატრანზიტო ზონა. მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. მისი ჩამოსვლა იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.