პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე წარმომადგენლები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით რუსთავის ქალთა კოლონიასთან მივიდნენ.

ისინი ხვალ, 14 ივლისს, ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრებიან.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (СPJ) წარმომადგენელი ჯიფსი გილენ კაიზერი:

"ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან ჩემს უკან არის ქალი, რომელსაც წაართვეს თავისუფლება და რომლის ჯანმრთელობაც რისკის ქვეშაა. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის არ არის მარტო. იმ დროს, როდესაც ის დგას უსამართლო დაკავებისა და გამოგონილი ბრალდების წინაშე, რაც მას 7-წლამდე პატიმრობით ემუქრება, მზია კარგავს მხედველობას, რაც საშინელი უსამართლობაა, რომ ამ ჟურნალისტმა, რომელიც თავად არის სინათლის შუქურა, შესაძლოა მხედველობა დაკარგოს. ხოლო პოლიცია, რომელმაც ჩაიდინა ძალადობა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, არანაირი შედეგების წინაშე არ დამდგარა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში ჩვენ ვიცით, რომ მზია ამ კედლების მიღმა უსაფუძვლოდ არის დაკავებული, რადგან სიმართლისა და კონტროლის ძალებს შორის კონტროლის მსხვერპლია".

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) წარმომადგენელი ჟან კავალიე:

"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ყველა ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი, რომ უთხრას სიმართლე ძალაუფლებას. მზია არ არის უბრალოდ ჟურნალისტი, ის არის პირველი ქალი რეპორტიორი, რომელიც საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ციხეში პოლიტიკური მოტივებით ჩასვეს. მის სასამართლო პროცესზე დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, მათ შორის თავად პრემიერის მხრიდან საჯარო თავდასხმა. ეს არ არის სამართლიანობა, ეს არის რეპრესიები".