პოროშენკო: ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. ეს არაა ის, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება

პოროშენკო: ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. ეს არაა ის, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება

ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. მაგრამ არა – კრიტიკა არ იქნება, რადგან ახლა ეს არ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება, - განაცხადა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, ოპოზიციონერი პეტრო პოროშენკომ პრეზიდენტ ზელენსკისა და ტრამპის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ.


"ქვეყნის ნახევარმა თვალი ვერ მოხუჭა გუშინდელი ვაშინგტონის ვიდეოს შემდეგ. ყველანი უკრაინას ვგულშემატკივრობდით. და ახლა ყველას ერთი კითხვა აქვს: რა უნდა გაკეთდეს შემდეგ? ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. მაგრამ არა – კრიტიკა არ იქნება, რადგან ახლა ეს არ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. გავხსნი რამდენიმე თეზისს აქ, უკრაინის სამხრეთის დამცველ ბრიგადებთან ერთად. დღეს მათ დახმარება ჩამოვუტანეთ, რომელიც ადრე გავაფორმეთ. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინის არმიის გაძლიერება უნდა გაგრძელდეს.

უკრაინა-აშშ-ის ურთიერთობები მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობები არ არის. ეს არის ორი დიდი ერის ურთიერთობა, რომლებიც იცავენ დემოკრატიასა და თავისუფლებას. ამიტომ, ვერ დავუშვებთ ანტიამერიკული განწყობების გავრცელებას. ყველაზე მთავარი, რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ – უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგად შესაძლოა, ამერიკული იარაღის გარეშე დარჩნენ. და ეს არ არის ზელენსკის კრიტიკა, რადგან ერთადერთი, რაც უკრაინას სჭირდება – ერთიანობაა. ინფორმაციული სივრციდან რატომღაც ქრება არმიის თემა – ფრონტზე მიმდინარე მოვლენები, მტრის გარღვევები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ეს ასე არ უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ზელენსკის აქვს გეგმა B. გვჯერა, რომ ლონდონისა და ბრიუსელის შეხვედრების შემდეგ, გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი:

ევროპის ერთიანობა – იმედი გვაქვს, ევროპა მოგვაწვდის იარაღს, ფინანსურ დახმარებას, გააძლიერებს ინვესტიციებს თავდაცვის მრეწველობაში და დაგვეხმარება, ამერიკელი პარტნიორები კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთ. აუცილებელია, აღვადგინოთ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა და საპარლამენტო დიპლომატია.

ერთიანობა ქვეყნის შიგნით – პარლამენტში კონსოლიდაცია და მთავრობის რეფორმირება, რათა შეიქმნას ეროვნული ერთობის მთავრობა.

ომის დასრულების სტრატეგია – გვინდა გავიგოთ, როდის და როგორ უნდა დასრულდეს ომი. ვერ დავემალებით უსაფრთხოების გარანტიებს.

სახელმწიფო უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა დავუშვათ კაპიტულაცია. უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი უკრაინის შეიარაღებული ძალებია. წერტილი!

სიტყვები უნდა დავივიწყოთ და არმიას დავეხმაროთ!" - წერს პეტრო პოროშენკო.