
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ს., 1980 წელს დაბადებული შ.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.ვ., 1968 წელს დაბადებული ზ.ტ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითიც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გ.მ.-სგან კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.