პოლიციამ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელები დააკავა

პოლიციამ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელები დააკავა

პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, რომლებმაც გუშინ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

კერძოდ თავდამსხმელები, ძმები ხურცილავები, რომლებიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ამ დროისთვის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

რაც შეეხება დაშავებულებს - ძმებ მინდია და აჩი ბჟალავებს, მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს, რის გამოც მინდია ბჟალავას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ის ამ დროისთვის ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

ბალდის კანიონის მცველები თავდასხმას მათ პროტესტს უკავშირებენ.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.

დაკავებულებს თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.

***

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს გუშინ დაესხნენ.

აქტივისტი გიგა ბექაური წერს, რომ კარავში სანადირო თოფით და დანებით შევიდნენ.

ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას მოძრაობის - ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად წევრმა ცოტნე თვარავაძემ თქვა, რომ კარავში მყოფი ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა.

უკვე 1 წელია მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.