პოლიცია ადასტურებს, რომ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის 2 მონაწილე მათ დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, ახალგაზრდები დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით არიან.
პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას.
თვითმხილველების ცნობით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა წაიყვანეს და მათ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონიათ.
"რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და ჩემი მეგობრები, რა დროსაც ერთი ნიღბიანი და რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი შევამჩნიეთ, რომლებმაც 2 ადამიანი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ვიდეოს გადაღება დავიწყეთ, ვეკითხებოდი სად მიჰყავდათ და მომაძახეს თქვენც ხომ არ გინდათ წამოსვლაო. საბოლოოდ გამწიეს და წავიდნენ. პოლიციასთან თავად მივედი და ოქმი დავწერე. ადგილზე კრიმინალური პოლიცია არ მოსულა", - გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.