პიტერ სტანოს თქმით, EU-სთან ურთიერთობის ცვლილება ოცნების დეზინფორმაციამ გამოიწვია

პიტერ სტანოს თქმით, EU-სთან ურთიერთობის ცვლილება ოცნების დეზინფორმაციამ გამოიწვია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა პიტერ სტანომ ბრიფინგზე საქართველოს საკითხზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ოცნების ოფიციალური პირების მხრიდან ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციას. მისი თქმით, ეს არის ის, რატომაც საქართველო-EU-ის ურთიერთობები სრულიად სხვანაირად შემობრუნდა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოახლოებული არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობა.

"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ასევე მრავალმხრივია. ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან საქართველოში და საქართველოს მთავრობაში ძალიან ინტენსიურად სხვადასხვა საკითხებზე ბოლო დრომდე, მაგრამ შემდეგ მოხდა დიდი განსხვავება საქართველოში. და ეს მოხდა მაშინ, როცა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ. და ეს არის ის, რატომაც საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები სრულიად სხვანაირად შემობრუნდა, რაც იყო კიდევაც რამდენჯერმე განხილული წელს ჩატარებულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ასევე, ევროკავშირის ლიდერების მიერაც.

ამ ეტაპზე საქართველოში არ გვყავს ევროკავშირის მისია, რომელიც ამ ქვეყანაში ჩარევებისადმი და დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მედეგობის გაზრდაზე იმუშავებდა, რადგანაც, სამწუხაროდ დეზინფორმაცია მოდის ოფიციალური პირებისგან, მთავრობის წევრებისგან. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სხვა მისიის გამოყენებით - მონიტორინგის მისიის გამოყენებით, რომელიც მუშაობს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის გარშემო, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება, თუ მოახლოებული არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი", - თქვა პიტერ სტანომ.