კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, თუ როდის დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ თქვა, რომ "არამეგობრული ქვეყნების ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ დიდხანს გაგრძელდება".
"თუ გულისხმობთ ომს ფართო კონტექსტში - დაპირისპირებას მტრულ სახელმწიფოებთან, არამეგობრულ ქვეყნებთან, ამ ჰიბრიდულ ომს, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. აქ კი ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, საკუთარი თავის ერთგულება, მიზანდასახულობა, პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციაში შეიმჩნევა "უპრეცედენტო კონსოლიდაცია პრეზიდენტის, უზენაესი მთავარსარდლის გარშემო და იმ პოლიტიკის ირგვლივ, რომელსაც ის [პუტინი] ატარებს".
გარდა ამისა, კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსებს შორის "აბსოლუტურად დომინირებს" ნდობა, რომ ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ყველა მიზანი მიღწეული უნდა იყოს.