პენტაგონი: პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს ვუგზავნით

პენტაგონი: პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს ვუგზავნით

პენტაგონში ადასტურებენ, რომ უკრაინას გაგრძელდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რაც, განცხადების მიხედვით, "მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფასა და მკვლელობების შეჩერებას" ემსახურება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კვლავ მიმდინარეობს მსოფლიოს გარშემო ამერიკის სამხედრო გადაზიდვების შეფასება, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

"პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, სანამ ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შეჩერებისთვის. ჩვენი ჩარჩო, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთელ მსოფლიოში სამხედრო გადაზიდვების შეფასებას ეხება, ძალაში რჩება და ჩვენი თავდაცვითი პრიორიტეტის - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" განუყოფელი ნაწილია", - წერია პენტაგონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარში, დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზაობა გაეზარდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება თავდაცვითი კუთხით.

მანამდე, 1-ელ ივლისს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ, აშშ-ის იარაღის მარაგების შემცირების გამო, პენტაგონმა შეაჩერა გარკვეული საჰაერო თავდაცვის რაკეტების და სხვა ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინისთვის.