სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კვლევების ჩასატარებლად კლინიკაში რჩება.
ამაღლობელი ვივამედში გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს. ის 25-ე დღეა შიმშილობს.
"ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. ბრალდებული მ.ა., ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი. მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.
***
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.