პენიტენციური: კაცია უზრუნველყოფილია საკვებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა

პენიტენციური: კაცია უზრუნველყოფილია საკვებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაკავებულ ჟურნალისტ ნიკა კაციასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა და თქვა, რომ "ნიკა კაცია სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით".

"გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით. შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდადებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია განცხადებაში.

***

24 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდეა, რომ რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება მოეხდინა.

ამასთან, საია-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის მიმართ პატიმრობის აღსრულება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით უნდა მოახდინოს.

23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, ჟურნალისტი, ნიკა კაცია მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს პროევროპულ საპროტესტო აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს.