ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი მსოფლიო ლიდერების მიერ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელი პარტნიორებს უსმენს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს იცავს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუსმენთ, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საკუთარ თავებს ვიცავთ. სამწუხაროდ, ტრაგედიები მოხდა და ჩვენ მათ არ გავურბივართ, მაგრამ ტრაგედიების დიდი ნაწილი ჰამასის მიერ დატრიალდა", - განაცხადა მან.
ამ დროის მონაცემებით, ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს ღაზაში 239 მძევალი ჰყავს აყვანილი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის არაერთი მსოფლიო ლიდერი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ ეს მძევლების გათავისუფლებამდე არ მოხდება.
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეწყვიტოს - მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით სარგებელს ისრაელი მიიღებს.
მოგვიანებით, ამ განცხადებას უპასუხა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერებმა ჰამასი უნდა დაგმონ და არა ისრაელი.