ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება

ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტაზე მსოფლიო ლიდერების მოწოდებას და აღნიშნავს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა "სრული ძალებით" გაგრძელდება. ის კვლავ იმეორებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მანამ, სანამ ტერორისტული დაჯგუფება ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

"ჰამასის წინააღმდეგ ომი წინ მიიწევს სრული ძალით და მას აქვს ერთადერთი მიზანი - გამარჯვება, გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს [...] არ იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა გატაცებულის დაბრუნებამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამ დროის მონაცემებით, ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს ღაზაში 239 მძევალი ჰყავს აყვანილი. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის არაერთი მსოფლიო ლიდერი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეწყვიტოს - მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით სარგებელს ისრაელი მიიღებს.

მოგვიანებით, ამ განცხადებას უპასუხა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერებმა ჰამასი უნდა დაგმონ და არა ისრაელი.