
დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია.
როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.
სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს - დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.
მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.
მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!
არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.
როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.
როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას", - წერს შეგოლეიშვილი.
გუშინ, ჩერგოლეიშვილმა "ფორმულას" ეთერში 4 ოქტომბერზე საუბრისას განაცხადა - "მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ, „ნაცმოძრაობაში“ პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით".