გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "Травля" — ქართულად "ნულოვანი თანადგომა"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "Травля" — ქართულად "ნულოვანი თანადგომა"

გასულ კვირას რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ახალი დოქტრინა გამოაცხადა სახელწოდებით "ნულოვანი თანადგომა"- რაც თითქოს გარეშე მტრებთან და მათ აგენტებთან დაპირისპირების მორალური ერთიანობის ამოცანისთვის, სინამდვილეში კი - მორალური ნგრევის პროგრამა.

ოთხი ოქტომბრის მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში მომხდარი ბუნდოვანი და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვებით დატვირთული ინციდენტი რეჟიმმა შანსად აქცია: დროებითი, მაგრამ მისთვის აუცილებელი მორალური უპირატესობის ილუზიად.

რეპრესიების მორიგი ტალღა ისეთივე სასტიკი არაა: ხალხს არ სცემენ, აწამებენ, ასახიჩრებენ, პირში აფურთხებენ, მაგრამ დევნა უფრო ფართო და მასშტაბურია. აქციის ორგანიზატორების გარდა 50-მდე ადამიანია დაკავებული, რომელთაც მრავალწლიანი სასჯელები ელით.

თუმცა ავტორიტარიზმის ურჩხულს ეს არ დააკმაყოფილებს. მისი ამოცანაა ამ მომენტით ისარგებლოს და რეპრესიის და პროპაგანდის კოცონს რაც შეიძლება მეტი ადამიანის, პროფესიული ჯგუფის ავტორიტეტი და ცხოვრება შეუნთოს.

ყველა ქვეყნის თუ ცივილიზაციის ისტორიაში არსებობს ფაზა, როდესაც ოპონენტების წინააღმდეგ დაპირისპირებაში ხელისუფლებები/რეჟიმები დადგენილ ეთიკურ ხაზებს გადააბიჯებენ; შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ჩვენ შეგვეხო და უფრო მეტად გვახსოვს, მაგრამ არა მხოლოდ ამის გამო - საბჭოთა გამოცდილება სისასტიკის და კიდევ უფრო მეტად მორალური ხრწნის მხრივ განსაკუთრებულად უნიკალურია. ამ მოვლენას სახელად აქვს სიტყვა "Травля". სხვა ენაზე მისი თარგმნა წარუმატებელი მცდელობაა; ქართულადაც ის სიტყვა-სიტყვით მხოლოდ „მოწამვლას“ არ ნიშნავს.

Травля არის სისტემური ნადირობა ადამიანზე - როცა მას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურად კლავენ. როცა სამიზნედ აქცევენ მათ, ვინც ფიქრობს, ვინც საუბრობს, ვინც არ ემორჩილება.

ვისაც ამ სიტყვის კი არა, მოვლენის შინაარსის გაგება გსურთ - გაიხსენეთ ბოლო 1 კვირის ახალი ამბებიდან რა შეიტყვეთ: რეჟიმის პრემიერის, მათი პროპაგანდის და მთელი სისტემის მხრიდან.ვინ გახდნენ თავდასხმის ძირითადი ობიექტები?..

პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, რომლის სრულიად უწყინარმა მცდელობამ ფსიქოლოგის კუთხით გაეანალიზებინა - რა საფრთხის მატარებელია "ნულოვანი თანადგომის" პოლიტიკა, არა თუ შეტევის - პროპაგანდისტული შტორმის მიზეზი გახდა - პროფესორი რჟიმის პრემიერის მხრიდან "რადიკალიზმის იდეოლოგად" მოინათლა, რომლის განზოგადებითაც საუნივერსიტეტო სივრცეში "დასუფთავების" აუცილებლობაზე გავედით.

ამავე კვირაში შევიტყვეთ საზარელი ამბავი გლდანის ციხის უფროსის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მეორე დღეს პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს.

არაბეთიდან მოტაცებული, სატუსაღოში დამწყვდეული და იქვე სასტიკად ნაცემი ივანიშვილის პირადი პატიმრის ბაჩიაშვილის საქმეზე რეჟიმის მიერ შეთითხნილი ვერსიის გასამაგრებლად, სისტემამ დაიწყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ადვოკატის დავით ჯანდიერის მიმართ საქმის ფალსიფიცირება. სტრასბურგში გირგვლიანის საქმის მომგები, თავისი კვალიფიკაციით, საქმიანი რეპუტაციით და პატიოსნებით გამორჩეული ქართველი ადვოკატის მიმართ დაწყებული ეს კამპანია მთელი საადვოკატო კორპუსის და ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში საადვოკატო საქმიანობის ეთიკის და სახელმწიფოების მიერ უზრუნველყოფილი ყველა გარანტიის მორღვევის და განადგურების მცდელობაა.

ადვოკატები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი მაინც არიან, რასაც ვერ ვიტყვით სასულიერო დასზე, რომლის წარმომადგენელსაც ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი პირადად აყენებს შეურაცხყოფას, პარტიის მიერვე ორკესტრირებული გაშავების კამპანია სიბილწის და ადამიანური დაუნდუბლობის ახალ რეკორდებს იპყრობს, მაშინ, როცა ინსტიტუცია დუმს. ყველა ხვდება ვის მიერაა სანქცირებული ეს პროცესი. იმის, ვინც საპატრიარქოს კრებსების და შანტაჟის ენით ელაპარაკება.

კიდევ ერთი მაგალითი: ისედაც უსამართლოდ, ცხრა თვის განმავლობაში ციხეში გამოკეტილ და იძულებით გათავისუფლებულ ექიმზე პროპაგანდისტული ტერორი: უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი სისტემატურად იმეორებს მადისკრედიტერებელ ფრაზას, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ექიმი თურმე ბავშვებს "მორფს პარავდა". არანაირი მტკიცებულება, არანაირი სამართლებრივი შინაარსი.

ეს უკვე არაა შემთხვევითი ბოროტება; ეს არის დეჰუმანიზაციის მიზანმიმართული ტაქტიკა. რუსული პროპაგანდის ქართული ენა, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის ადამიანური სახის წაშლა.

"ქართული ოცნება" საბოლოოდ იქცა რუსული რეჟიმის ანარეკლად - ხელისუფლებად, რომელმაც საფლავიდან წამოაყენა ჩვენი ტოტალიტარული მემკვიდრეობის გახრწნილი გვამი. რომელიც ფაქტია, რომ სათანადოდ არ დაგვიმარხავს.

ამათ ხელში Травля გაგრძელდება - ჯერ სიტყვით, შემდეგ დევნით, ბოლოს კი პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანების.სიკვდილამდე მიყვანით.

თუ არ გავიაზრეთ საფრთხის მასშტაბი, თუ არ მოვახერხეთ მობილიზება, ისინი გაბედავენ ყველაფერს - ევროპასთან განშორების რეფერენდუმსაც, არჩევნებად მონათლულ ფარსსაც, კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური სწრაფვის წაშლას კი არა - რუსეთის მონობის ახალი ტრაქტატის გაფორმებას და მონათა შორის პირველი მონის დინასტიის დაფუძნებას.

როგორც გამოგვიცხადეს - ეს არის "ნულოვანი თანადგომის" დრო. მაგრამ ზუსტად ამიტომ - ეს არის დრო, როცა თანადგომა ადამიანურობის ერთადერთი საზომი ხდება.