პარტია "საქართველოსთვის": შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

პარტია "საქართველოსთვის": შოვის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, შალვა კერესელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია არ შეაფერხებს შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის შექმნას და მის ჩამოყალიბებას მხარს დაუჭერს.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის წევრები არ მიიღებენ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას და მათი ჩართულობა, მხოლოდ "საექსპერტო-ადამიანური" რესურსებით გამოიხატება.

"ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის პირობებში, მაშინ, როცა ეს ორი დესტრუქციული ძალა ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტური მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად. თუმცა, მიუხედავად ამისა, სანამ საზოგადოების ნაწილი, მათ შორის, შოვის მოსახლეობა ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ. ამასთანავე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი მისი წევრი არ იქნება და საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო-ადამიანური, ან სხვა რესურსებით მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა შალვა კერესელიძემ ბრიფინგზე.

***

ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.

რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა"