
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 12 თებერვალს, 13:00 საათისთვის გადადო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, რაც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
პროცესზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის ჯარიმას არ გადაიხდის.
უგულავას ედავებიან თბილისი მოლთან გზის გადაკეტვასაც – ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. 5 თებერვალს სასამართლომ უგულავას და კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.