პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს ხვალაც არ შეუშვებენ

პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს ხვალაც არ შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 30 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, შესაბამისად ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ.

შენობაში ამჯერადაც არ შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია პარლამენტის განცხადებაში.

პარლამენტის ბიუროს სხდომა 11:45 საათზეა ჩანიშნული, ხოლო პლენარული 12:00 საათზე დაიწყება.

ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტში არც წინა განხილვებზე შეუშვეს.