NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა - შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე, საქართველოს მიერ რეფორმების გატარების აუცილებლობას.
"მან ხაზი გაუსვა საქართველოს განგრძობითი ძალისხმევის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი რეფორმების მიმართ. "ვილნიუსში გასულ ზაფხულს მოკავშირეებმა მკაფიო გზავნილი გააჟღერეს: ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმების მხრივ პროგრესს უნდა მიაღწიოს, მათ შორის საშინაო რეფორმების მიმართულებით", - ნათქვამია NATO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, განცხადების თანახმად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მადლიერება გამოხატა NATO-ში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, სამხედროების მონაწილეობის მიმართულებით. მან საქართველოს მიულოცა ევროკომისიის რეკომენდაციაც და აღნიშნა, რომ ეს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.