პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიწვევა მიიღო, თუმცა მისვლას არ აპირებს.
მისი თქმით, ადამიანი "რომელიც არღვევს კონსტიტუციას", ასეთი ღონისძიებების ორგანიზების "მორალური უპირატესობას კარგავს".
"არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც მე ველოდები ქალბატონი სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო, ვინაიდან ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზების", - თქვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენეტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნამდე 2 დღით ადრე, დღეს, 20:00 საათზე კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ადმინისტრაციაში შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.
მიწვევაზე უარი განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით "ჩვენი ხმა ევროპას". ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.