პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას სთავაზობს, სინამდვილეში ამბობს, რომ "გავრისკოთ და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ფრენების აკრძალვა თუ ვიზის შემოღება, სანქციაა.
"ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და გარდა ამისა, იცით, რომ ასევე, დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე.
ამიტომ ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ., ანუ ისინი, ვინც ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, ამავე დროს, არავინ არ გვაძლევს ჩვენ არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს", - ამბობს პაპუაშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.