პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას "არანაირი საფუძველი არ აქვს". პაპუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ "უკრაინას ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს".
პაპუაშვილის მტკიცებით, "ვიღაც ცდილობს, საქართველო და უკრაინას გადაჰკიდოს ერთმანეთს, თუმცა ეს არ არის რუსეთი". მისივე თქმით, ამით ოპოზიცია და უცხოელი აქტორები ხარობენ.
"ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს. პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწად-ნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სერვისის მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან. თუკი თავად, მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, ეს არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვის არის საზიანო, მეორე საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაჰკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე, ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით - ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობენ უკრაინას და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხია დღეს გახარებული. ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ უცხოელი აქტორებიც, რომლებსაც ეს უხარიათ. ასე რომ, ეს არის ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში", - აცხადებს პაპუაშვილი.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.
ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. ზელენსკი საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.