
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ამ საჩივრების მეორე მხარე და მოპასუხე, სინამდვილეში, ევროკავშირის ელჩია".
ის კვლავ "სიძულვილის, ძალადობის, პროპაგანდის - ექსტრემიზმის მხარდაჭერასა და წაქეზებაში" ადანაშაულებს ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს და ამტკიცებს, რომ "მისი პასუხისმგებლობაა, რომ EU-ის მიერ დაფინანსებული ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ბავშვებს და პოლიტიკოსებს ქუჩაში თუ სოციალურ მედიაში".
შალვა პაპუაშვილი სასამართლოში დაბარებულ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს "ზიზღის გავრცელების ინსტრუმენტებს" უწოდებს.
"დღეს იყო საჩივრები, რომლითაც შსს-ს მივმართეთ ჩვენი ფრაქციის შეურაცხყოფებთან დაკავშირებით. მე ორი წერილი მივწერე ევროკავშირის ელჩს საქართველოში - ერთი 24 აპრილს, მეორე 30 მაისს. ორივე წერილში მივუთითებდი, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები, აი, ხელფასს რომ უხდის, რომ აფინანსებს ის ადამიანები სიძულვილის ენაში, ზიზღის ენაში, ძალადობაში და პროპაგანდაში არიან ჩართულები. ერთ რამეს ვთხოვდი ევროკავშირის ელჩს - რომ ამას საჯაროდ გამიჯვნოდა და ეთქვა ერთი ფრაზა, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა არ არის ევროპულობა.
ესეც კი, სამადლოდაც კი არ თქვა მან საჯაროდ და ამის გამო არის დღეს, სოცმედიაში, თუ ქუჩაში მივარდნები, არასრულწლოვანების დატერორება და ა.შ. იცით რა არის, ჩვენ ევროპულ ღირებულებად მოგვყიდეს ევრო-ზიზღი, ევრო-სიძულვილი და ევრო-პროპაგანდა და ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ ქართული ღირებულებებით.
ამ საჩივრების მეორე მხარეს დგას, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რომ მისი დაფინანსებული ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ ქალებს, ბავშვებს, პოლიტიკოსებს ქუჩაში, სოციალურ მედიაში და მან ერთხელაც კი არ იგრძნო პასუხისმგებლად თავი, რომ მისი ფულით რომ ბედავენ ამას ადამიანები, ერთხელ, ერთი რამ ეთქვა, რომ მიუღებელია სიძულვილის ენა, ამასაც არ აკეთებს, იმიტომ რომ სინამდვილეში, ვუბრუნდები ფრაზას, რომლის ციტირებაც გააკეთეთ ჩემი, რომ ეს სიძულვილიც, ძალადობაც, პროპაგანდაც, რაც არის სინამდვილეში ექსტრემიზმი, არის მხარდაჭერილი, წაქეზებული და დაფინანსებული ბრიუსელი, მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც თავისი არ გამიჯვნით აქეზებს ყველა იმ უმსგავსობას, რაც დღეს ხდება რადიკალური ექსტრემისტების მხრიდან, ასე რომ, ამ საჩივრის მეორე მხარე და მოპასუხე არის სინამდვილეში ევროკავშირის ელჩი. დანარჩენი ადამიანები არიან უბრალოდ ინსტრუმენტები ამ ზიზღის გავრცელებისა", - ამბობს შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
ქართულმა ოცნებამ მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაბარება დაიწყო.
ქართული ოცნების წარმომადგენლები მათ შეურაცხყოფას ედავებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივიან.
ვინ დაიბარა ქართულმა ოცნებამ სასამართლოში 12 ივნისს - სია