საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო აქტორებს საქართველოში ძალადობების მიმართ "დიფერენცირებული მიდგომა" აქვთ და მათთვის "არსებობს მისაღები და მიუღებელი ძალადობა".
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ზოგი ქართველი და უცხოელი "აქტორი" საკითხებისა და მასში მონაწილე ადამიანების მიხედვით "რაღაც ძალადობებს გმობენ და რაღაც ძალადობებს ეძახიან აქტივიზმს".
პაპუაშვილის თქმით, "ხდება სხვა ძალადობების წახალისება" და მიუღებელია, როცა არსებობს "ჩემიანი და სხვისიანი მოძალადეები".
პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ძალადობის დაგმობასთან ერთად უნდა უზრუნველყოს ძალადობის გამოვლენა და დასჯა ხოლო იმ ადამიანებმა და აქტორებმა, ვისაც სახელისუფლებო ბერკეტები არ აქვთ, უნდა დაგმონ ნებისმიერი ძალადობა.
"ხელისუფლებისთვის დაგმობა არ არის საკმარისი. დაგმობასთან ერთად ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გამოვლენა და დასჯა. მეორე ნაწილი ეხება მათ ვინც არ არიან ხელისუფლებაში, იქნება ეს ოპოზიცია, საერთაშორისო აქტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები. აი, მათ კი რაც მოეთხოვებათ, ეს არის მინიმუმ დაგმობა მაინც. გასაგებია, რომ სახელისუფლებო დასჯის ბერკეტები მათ არ აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის დაგმობა და აქ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული დიფერენციაცია ასე ვთქვათ, ძალადობების მიმართ და არსებობს მისაღები და მიუღებელი ძალადობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს" - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ქართველი და უცხოელი "აქტორები" ზოგიერთ ძალადობას "შინაარსობრივად ამართლებენ" და არ გმობენ. ამ კონტექსტში პაპუაშვილმა ახსენა მარტის აქციები, როცა, მისი თქმით, "პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ" და "პოლიციელს წვავდნენ".
"მე რაღაც არ მახსოვს, საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ეს დაგმო, საერთაშორისო აქტორი, რომელმაც ეს დაგმო, არც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც ეს აქტი დაგმეს... არ შეიძლება ასე, როცა დიფერენციაცია ხდება" - განაცხადა პაპუაშვილმა.