პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსული კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია, თუმცა დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, კანონს ხელს თავად მოაწერს.
"კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს"- თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტი კანონის გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად, 28 მაისს ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო.