პაპუაშვილი: დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის უკეთეს მომავალს, ეს საერთო მიღწევაა

პაპუაშვილი: დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის უკეთეს მომავალს, ეს საერთო მიღწევაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას "ყველას მიღწევას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს.

"ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი. ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო და ჩვენ გვერდით დგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები.

ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი. დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ეს ყველა ჩვენგანის საერთო მიღწევაა", - აღნიშნა მან.

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს საქართველოს გარკვეული დონის მზაობას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის.

თუმცა აღნიშნულია, რომ რეფორმების პროცესს აფერხებს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის შექმნის გამოწვევები.